საქართველოს 16 მოქალაქე პოლონეთში სამუშაოდ მიემგზავრება. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ეს გახლავთ პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს მოქალაქე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში ლეგაგურად დასაქმდება.
საქართველოს შრომის, ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის მინისტრის პირველმა მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ამ ფაქტს მნიშვნელოვანი მოვლენა უწოდა.
16-დან 7-ი სპეციალისტი საზოგადოებრივი კოლეჯის „სპექტრი“ კურსდამთავრებულია. აქედან სამმა შედუღების სრული 8 თვიანი კურსი გაიარა, ხოლო 4 კი მოკლევადიანი პროგრამით გადაამზადა.
მურმან გამეზარდაშვილი - საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“ - პედაგოგი
კოლეჯის აღზრდილი სპეციალისტები პოლონურ კომპანია „გუდ-ველდ“-ში დასაქმდებიან. ეს ფირმა როგორც სამშენებლო, ასევე ხიდებისა და მძიმე ტექნიკის რკინის კონსტრუქციებს ამზადებს. კომპანია „გუდ-ველდ“-ი სამუშაოებს ევროკავშირის ქვეყანებსა და ნორვეგიაში აწარმოებს.
კოლეჯის „სპექტრი“ მიერ მომზადებულმა სპეციალისტებმა საკვალიფიკაციო გამოცდები ჩააბარეს, რომელსაც პოლონური მხარეც ესწრებოდა. ძირითადად მათ შეასრულეს „MIG–MAG”-ის ნახევრად ავტომატური შედუღება - დამცავ აირში CO2, საგამოცდო ნამუშევრები პოლონეთში გაიგზავნა და უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. პოლონურმა ფირმამ ქართველ სპეციალისტებს 6 თვიანი სამუშაო ხელშეკრულება 12 თვიანი გაგრძელების პერსპექტივით უკვე გაუფორმა.
რომან პანიატოვსკი საქართველოს 16 მოქალაქედან ერთ-ერთია, რომელიც კომპანია „გუდ-ველდ“-ის მიწვევით სამუშაოდ პოლონეთში მიემგზავრება. იგი საზოგადოებრივ კოლეჯში „სპექტრი“ შემდუღებლის სპეციალობას დაეუფლა. 6 თვიანი თეორიული სწავლების შემდეგ საწარმო პრაქტიკა კომპანიაში „ელიტა-ბურჯი“ გაიარა. კოლეჯში სპეციალისტების მომზადება კომპანია „ლინკოლნის“ ტექნიკის გამოყენებით ხორციელდება, რომელიც ლიდერია ამ სფეროში.
რომან პანიატოვსკის პოლონურმა კომპანიამ „გუდ-ველდ“-იმ შრომითი ხელშეკრულება უკვე გაუფორმა. აღსანიშნავია ისიც, რომ ხელშეკრულების მიხედვით საცხოვრებელ პირობებს უზრუნველყოფს დამსაქმებელი მხარე.