საქართველოს, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური მინისტრი, დოქტორი გერდ მიულერი სტუმრობს. მიულერის საქართველოში ვიზიტი საქართველო-გერმანიას შორის განვითარების სფეროში თანამშრომლობის 25 წლის იუბილეს უკავშირდება.
გერდ მიულერის ვიზიტი საზოგადოებრივ კოლეჯში „სპექტრი“ შედგა, სადაც მინისტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მინისტრის პირველ მოადგილეს ქეთევან ნატრიაშვილსა და საზოგადოებრივი კოლეჯის „სპექტრი“ დირექტორს მათე ტაკიძეს შეხვდა.
მინისტრმა, კოლეჯში, ოფიციალურად გახსნა ახალი პროგრამა „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“, რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ ხორციელდება საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.
„ჩვენ საქართველოს ვეხმარებით პროფესიული განათლების განვითარებასა და დუალური სისტემის დანერგვაში, გერმანული მოდელის მიხედვით, ქვეყანას სჭირდება ბევრი პროფესიონალი ხელოსანი, მოთხოვნა კერძო სექტორის მხრიდან კვალიფიციურ კადრებზე დიდია, თუმცა არ არიან საკმარისი სპეციალისტები, ამიტომ, ჩვენ ამ მიმართულებით ორმაგ სახსრებს გამოვყობთ, რათა საქართველოს დავემხაროთ პროფესიული განათლების სისტემის განვითარებაში“ - განაცხადა გერდ მიულერმა.
შეხვედრაზე საუბარი იყო საწარმოთაშორისი ურთიერთობების გადამზადების ცენტრის გახსნაზე კოლეჯის „სპექტრი“ ბაზაზე, რომელსაც გერმანული მხარე უზრუნველყოფს.
ვიზიტის ფარგლებში გერდ მიულერმა დაათვალიერა კოლეჯის განახლებული ინფრასტრუქტურა და დაესწრო მიმდინარე სასწავლო პროცესს, ოთხი პროგრამის მიმართულებით (ელექტრიკოსი, შემდუღებელი, თაბაშირმუყაოს სპეციალისტი, მღებავი). სწორედ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) აქტიური მხარდაჭერითა და შპს „კაპაროლ ჯორჯიას“, კ/ს „კნაუფ გიპს თბილისის“ და შპს „ჰაიდელბერგცემენტის“ ჩართულობით მოხდა აღნიშნული პროგრამების განვითარება, ლაბორატორიების აღჭურვა, პედაგოგების გადამზადება და სახელმძღვანელოების შექმნა.
გერდ მიულერს კოლეჯის სტუდენტებმა საჩუქარი დაახვედრეს, საქართველოს და გერმანიის წარმატებული თანამშრომლობის ნიშად, გერდ მიულერმაც, თავის მხრიდან, საჩუქრები გადასცა სტუდენტებს, მისივე ხელმოწერით.