ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო ახორციელებს პროექტს „პროფესიული განთლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ (MCA&PEM), რომლის საგრანტო კონკურსში გამარჯვებული საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“ გახდა.
საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“ პროფორიენტაციის მიზნით ყოველწლიურად ათეულობით სკოლაში ახორციელებს შეხვედრას კოლეჯის პრეზენტაციის მიზნით.
კოლეჯის მიზანია აღნიშნულ პროგრამაში ჩართოს საბაზო და საშუალო განათლების მოსწავლეებიც, შესაბამისად, გრძელდება პროექტის საჯარო წარდგინება დაინტერესებული პირებისათვის სკოლებში, სადაც ამჟამად შეხვედრა ქ. თბილისის 85-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან მოხდა. პროგრამაში ჩართვისათვის ასაკობრივი ზღვარი შეუზღუდავია.
პროექტის ფარგლებში შეიქმნება შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი, ახალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო მოდულური პროგრამები და განახლდება არსებული პროგრამები საინჟინრო და ტექნოლოგიური მიმართულებით.
„პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ (MCA&PEM) პროგრამის ფარგლებში, Pearson-ის ექსპერტებთან ერთად IV-V საფეხურის ახალი მიმართულებები შემუშავდება შემდეგი მიმართულებებით: ელექტრიკოსი, შემდუღებელი (ცივი შედუღება), ვენტილაცია, კონდიცირება, გათბობა, მიწისქვეშა კომუნიკაციები და წყალანირება.
ყველა კურსდამთავრებული მიიღებს BTEC-ის საერთაშორისო სერთიფიკატს მსოფლიო ბაზარზე დასაქმებისთვის.
აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია პროფესიული განათლების განვითარებისათვის საქართველოში, რაც ხელს შეუწყობს უმუშევრობის დაძლევას და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას.