ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური მინისტრის საპარლამენტო სახელმწიფო მდივანი, ბატონი ჰანს-იოახიმ ფუხტელი 2014 წლის 1 მაისს 11:30 საათზე სსიპ პროფესიულ კოლეჯ ”სპექტრს” ეწვევა.
ბატონი ფუხტელი გაეცნობა პროფესიული განათლების ახალ მეთოდებს და პროფესიული განათლების ცენტრ ”სპექტრში” დაესწრება საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული მასწავლებლების პროფესიული გადამზადების ტრენინგს. ”სპექტრში” დანერგილია დუალური განათლების სისტემა, რომლის საშუალებითაც ერთის მხრივ წარმოებასთან და ბიზნესთან მჭიდრო თანამშრომლობით თეორიული განათლება შეესაბამება იმას, რაც მომავალში პროფესიის განხორციელებასთან არის საჭირო, ხოლო მეორეს მხრივ მოსწავლეები უშუალოდ ეცნობიან მუშაობის პროცესს, რადგან სწავლის ერთ ნაწილს ატარებენ უშუალოდ საწარმოებში.
გათვალისწინებულია ასევე კიდევ უფრო მეტი დაახლოება გერმანიაში წარმატებით მოქმედ ”დუალურ სისტემასთან”, რომელიც ითვალისწინებს პარალელური განათლების მიღებას საწარმოებსა და სკოლაში. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) მხარს უჭერს ამ წამოწყებას, რომელსაც ახორციელებენ ”სპექტრი” და გერმანული საწარმოები ”კაპაროლი”, ”ჰაიდელბერგ ცემენტი” და ”კნაუფი”. ამასთან გერმანელი ექსპერტები ტრენინგებსაც ატარებენ. ბატონი ფუხტელი დაესწრება ელექტროშემდუღებლების სემინარს.