საზოგადოებრივი კოლეჯის „სპექტრი“ პროფესიული სტუდენტის არჩილ გობეჯიშვილის მიერ შექმნილი გუნდი პირველი ადგილის მფლობელი გახდა

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ორგანიზაცია “EUHack”-ის ორგანიზებით გამართულ “პროფესიული განათლების ჰაკათონში“ პირველი ადგილის მფლობელი გახდა საზოგადოებრივი კოლეჯის „სპექტრი“ პროფესიული სტუდენტის არჩილ გობეჯიშვილის მიერ შექმნილი გუნდი ''etemal''.

„ფაბლაბი“-ს ანუ სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის კონცეფცია მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (MIT) 2001 წელს შეიქმნა. ლაბორატორიის მთავარი იდეაა ბიტების ატომებად ქცევა კომპიუტერით პროგრამირებადი ისეთი სამრეწველო ინოვაციური დანადგარების დახმარებით, როგორიცაა: 3D პრინტერები, ლაზერული მჭრელი, CNC რუტერი და სხვა, რაც იძლევა უნიკალურ შესაძლებობას შევქმნათ თითქმის ყველაფერი.

ფაბლაბის მიზანია, მსოფლიოს შესთავაზოს ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობის თავისი უნიკალური მოდელი. მისი განვითარება მნიშვნელოვანია ახალი სტარტაპ ბიზნესების ჩამოსაყალიბებლად და პერსონალური წარმოების განსავითარებლად, რაც გულისხმობს იმას, რომ ადამიანისთვის სასურველი ინდივიდუალური დიზაინისა თუ ფუნქციების მქონე პროდუქტის მისაღებად არ იქნება საჭირო დიდი ქარხნის აშენება და ეს ყველაფერიმოხდება ლოკალურად, ფაბლაბების ბაზაზე.

სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია ბადებს წინსვლის პერსპექტივას თანამედროვე საზოგადოებაში. ამ სივრცეებში ხდება ახალი წამოწყებების სრულყოფა და ახალგაზრდა ინოვატორებისიდეების რეალიზება.

დღეს მსოფლიოს მასშტაბით 1090 ფაბლაბი ფუნქციონირებს, რაც შეეხება საქართველოს, აქ 22 ფაბლაბი აქტიურად მუშაობს და ჩვენი ქვეყანა მსოფლიო ფაბლაბების რეიტინგში, ლაბორატორიების რაოდენობის მიხედვით მე-11 ადგილზეა და წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიც არის შვეიცარია, პორტუგალია, პოლონეთი,იაპონია, ჩინეთი და სხვა.

საქართველოში 22 სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიიდან 14 სწორედ პროფესიული სასწავლებლების ბაზაზე მოქმედებს, სადაც ულტრა თანამედროვე აპარატურაა განთავსებული, რომელიც ახდენს ახალი წამოწყებების სრულყოფას და დამწყები ბიზნესების პროექტების განვითარებას იდეიდან პროტოტიპამდე, შესაბამისად პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებსაც მიეცათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღოთ ორგანიზაცია “EUHack”-ის ორგანიზებით გამართულ “პროფესიული განათლების ჰაკათონში“.

პროექტის მიზანს წარმოადგენს კრეატიული აზროვნების განვითარება, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით ცნობადობის ამაღლება და სტარტაპ კომპანიების ფორმირება პროფესიული სასწავლებლების ბაზაზე. პროექტში მონაწილე გუნდებს ხელმძღვანელობდნენ პროფესიული სასწავლებლების „ფაბლაბი“-ს სპეციალისტები და კონკურსისათვის შემქნილ გუნდებს დახმარებასა და ზედამხედველობას უწევდნენ საკუთარი ინოვაციური იდეის მაღალტექნოლოგიური დანადგარებით პროტოტიპების შექმნაში.

პროექტში მონაწილეობა 14 პროფესიული სასწავლებლიდან 13-მა გუნდმა მიიღო, რომელიც შედგებოდა მინიმუმ 3 წევრისაგან.

ჰაკათონი ჩატარდა ორეტაპად. პირველ ეტაპზე სტუდენტებით დაკომპლექტებულმა ჯგუფებმა ფაბლაბის მენტორთან ერთად იმუშავეს იდეის გენერირებაზე, ხოლო საუკეთესო იდეის მქონე გუნდები გადავიდნენ ღონისძიების მეორე ეტაპზე.

სამი კვირის განმავლობაში გუნდებმა გამოიყენეს სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაში არსებული დანადგარები (ლაზერული მჭრელი, 3D პრინტერი, პროგრამირებადი ჩარხი და ა.შ.) და შექმნეს მაღალტექნოლოგიური პროექტები სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკისა და სხვა მრავალი მიმართულებით. დასკვნით ეტაპზე გუნდები კომპეტენტური ჟიურის წინაშე შექმნილი პროექტებით წარდგენენ და გამარჯვებული გახდა პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელი 3 გუნდი.

პირველ ადგილზე გასულ გუნდს დამსაქმებელთა ასოციაციამ 2000 ლარი გადასცა, სოფლის მეურნეობის მიმართულებით გამარჯვებული გუნდი ფერმერთა ასოციაციამ და გაეროს განვითარების პროგრამამ 2000 ლარით დააჯილდოვა. ენერგეტიკის მიმართულებით კომპანია ენერგო-პრო ჯორჯიამ გამარჯვებულ გუნდს 1500 ლარი გადასცა, პროექტის განსავითარებლად.

ღონისძიება ჩატარდა კომპანია „ბილაინისა“ და „თეგეტა მოტორსის“ მხარდამჭერით.

საზოგადოებრივი კოლეჯიდან „სპექტრი“ წარმოდგენილი იყო და გაიმარჯვა გუნდმა „eternal”, რომლის მენტორი კოლეჯის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი ნატალი მელაშვილი, გუნდის წევრები არჩილ გობეჯიშვილი, დავით კუჭუხიძე და აკაკი გურგენიძე იყვნენ.

ინფორმაცია არჩილ გობეჯიშვილის შესახებ

არჩილ გობეჯიშვილი, რომელიც პროფესიით მწვრთნელია და ხელმძღვანელობს საფეხბურთო გუნდს, გადაწყვიტა დასვენების პერიოდში ახალი პროფესიის შესწალა და 2016 წლიდან ჩაირიცხა და სწავლობს საზოგადოებრივ კოლეჯში „სპექტრი“ პროფესიულ პროგრამაზე „დურგალი“, სწავლის პერიოდში გამოირჩეოდა კრეატიული აზროვნებითა და საქმისადმი განსხვავებული მიდგომით, რაც მის შემდგომ ნამუშევრებშიც ნათლად გამოიკვეთა.

კოლეჯის ხელმძღვანელობისათვის მნიშვნელოვანია სტუდენტებისათვის ხარისხიანი განათლების მიღება, სწავლის პროცესში მოტივაციის ამაღლება და მათი შემდგომი წარმატებული საქმიანობა. შესაბამისად კოლეჯის დირექტორი მათე ტაკიძე დაინტერესდა სტუდენტის იდეით, რომელიც მდგომარეობდა ეკოლოგიურა სუფთა ხის სათამაშოების დამზადება-წარმოებაში და მისივე ინიციატივით საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ადმინისტრაციულ კორპუსში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ადაპტირებულ დარბაზში, ეკოლოგიურად სუფთა, ხის მასალისგან არჩილ გობეჯიშვილის მიერ დამზადებული სათამაშოების გამოფენა გაიმართა. ღონისძიება ფოტორეპორტიორმა გოგა ჩანადირმა გახსნა, ხელნაკეთი ნივთების შექმნაში მონაწილეობა ასოციაცია „ანიკას“ ბენეფიციარებმაც მიიღეს. გამოფენა საზოგადოებრივი კოლეჯის „სპექტრი“, ასოციაცია „ანიკას“, მედიაჰოლდინგ „კვირას“ და ეროვნული ბიბლიოთეკის ერთობლივი პროექტი იყო.

ამ ფაქტით დაინტერესდა ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობა, რომლის შემდეგადაც გაფორმდა მემორანდუმი საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრსა“ და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის და არჩილ გობეჯიშვილის მიერ, მისი თანაკურსელების მონაწილეობით ხის მასალისგან დამზადდა დეკორატიული წიგნები, რომელიც განთავსდა ეროვნული ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში.

რაში მდგომარეობს გამარჯვებული გუნდის იდეა?

მოგეხსენებათ, საქართველო სხვა ქვეყნებთან შედარებით ძალიან პატარა ქვეყანაა, თუმცა, მას აქვს ძალიან ლამაზი და გამორჩეული კუთხეები, რითაც ყველა ქართველი ვამაყობთ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ძალიან პატარაა, ქართველების უმრავლესობა, სამწუხაროდ არაა ნამყოფი ყველა კუთხეში და საუბედუროდ ძალიან ბევრმა მათგანმა არ იცის საქართველოს კუთხეების ადგილმდებარეობა, მუთ უმეტეს არ იციან რაიონების და ქალაქების განლაგება.

რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს შეუძლია, დაინტერესების შემთხვევაში, მოიძიოს და ისწავლოს საქართველოს რაიონების ადგილმდებარეობა, თუმცა გუნდმა “eternal” გადავწყვიტა ეს პროცესი ბევრად სახალისო, საინტერესო და მიმზიდველი გამხდარიყო, რათა ყველა ქართველს და არამარტო ქართველს, დიდს თუ პატარას, ზუსტად ცოდნოდა ჩვენი ქვეყნის რეგიონების და რაიონების ადგილმდებარეობა.

გუნდის წევრებმა, სხვადასხვა ძვირფასი ხის ჯიშებისგან დაამზადეს საქართველოს თერთმეტი რეგიონის მაქსიმალურდ ზუსტი ფორმები თავისი რელიეფური მიმსგავსებით, შემდეგ ეს თერმეთი რეგიონის ფორმები დავყავთ 68 რაიონად, ზუსტად ისე, რაც საქართველოს რუკაზეა მოცემული და მივიღეთ პაზლის ტიპის ასაწყობი, გაერთიანებული საქართველოს რუკა, რომლის დეტალები გამოხატავენ საქართველოს რაიონებს.

ასევე, შეიქმნა დაფასთან ადაპტირებული აპლიკაციის დემო ვერსია, სადაც მოხდა სხვადასხვა ინფორმაციების ინტეგრირება საქართველოს რეგიონებზე, მაგალითად, მათ ისტორიაზე, ფლორასა და ფაუნაზე, გეოგრაფიაზე, ტურისტულ მარშრუტებზე, ღირსშესანიშნაობებზე და სხვა საჭირო და საინტერესო ინფორმაციებზე.

საბოლოო ჯამში მივიღეთ ჭკვიანი დაფა, რომელზეც, როგორც ჰორიზონტალურად, ასევე ვერტიკალურად აეწყობა 68 დეტალისგან დამზადებული, გაერთიანებული საქართველოს რუკა, „ჭკვიან დაფაზე“ ჩამონტაჟებული ბლუთუზ დინამიკი კი ხმოვან რეჟიმში მოგვაწვდის ჩვენს მიერ აპლიკაციაში მოთხოვნილ ნებისმიერ ინფორმაციას.

„ ჩვენ, ვფიქრობთ ეს პროექტი მალე გახდება ცნობილი და ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ, იგივე პრინციფით ვგეგმავთ „ჭკვიან დაფაზე“ გავაკეთოთ, როგორც მსოფლიო კონტინენტების რუკები, ასევე მენდელეევის ტაბულა, ანატომია, სახალისო მათემატიკა, იგავები, ზღაპრები და სხვა საინტერესო პროგრამები.

ვფიქრობთ „ჭკვიანი დაფა“ მიმზიდველი იქნება, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, ასევე ოჯახებისთვის და ტურისტული ცენტრებისთვის“ - განაცხადა არჩილ გობეჯიშვილმა.

 

JoomShaper