ჩვენ ლიდერები ვართ ჩვენს სეგმენტში

ნანახია: 2533 -ჯერ

ჩვენ ლიდერები ვართ ჩვენს სეგმენტში

თბილისის იუსტიციის სახლის მშენებლობაზე ’’სპექტრის’’ სტუდენტები დასაქმდნენ. ჩვენ ლიდერები ვართ ჩვენს სეგმენტში!

თბილისის იუსტიციის სახლის მშენებლობაზე პროფესიულ კოლეჯ „სპექტრის“ დამამთავრებელი კურსის სტუდენტები დასაქმდნენ. პირველ ეტაპზე მშენებლობაზე 30-მდე ელექტროშემდუღებელი იმუშავებს. პროექტი იუსტიციის სამინისტროსთან ერთად გაგრძელდება და მალე ამ სტუდენტების რიცხვს სპექტრის სხვა კურდამთავრებული მაღალკვალიფიციური მშენებლები, მემონტაჟეები, მძიმე ტექნიკის სპეციალისტები, კალატოზები, დურგლები, მღებავები და მლესავები შეუერთდებიან. დღეს იუისტიციის სახლის მშენებლობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ დაათვალიერეს, დიმიტრი შაშკინი და გიორგი ვაშაძე ახლადდასაქმებულ სტუდენტებსაც გაესაუბრნენ. თბილისის პროფესიული კოლეჯი “სპექტრი” მრავალპროფილიანი სახელობო სასწავლებელია, რომელშიც ამჟამად სასურველ პროფესიას რვაასამდე სტუდენტი ეუფლება. მათ შორის არიან პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროფესიული განათლების ვაუჩერული დაფინანსების პროგრამის ფარგლებში ჩარიცხული სოციალურად დაუცველი სტუდენტები, რომელთაც სახელმწიფო 1000 ლარიანი ვაუჩერით აფინანსებს. პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის ფარგლებში კოლეჯს სრული მატერიალურ-ტექნიკური რეაბილიტაცია ჩაუტარდა, წელს ”სპექტრში” სამშენებლო მიმართულების რამდენიმე ახალი კურსი ამოქმედდა. ახალი სასწავლო კურსის კლას-კაბინეტები აღჭურვილია CATERPILLAR(CAT)-ის უახლესი სიმულატორებით და LINCOLN ELECTRIC-ის თანამედროვე შედუღების აპარატებითა და ხელსაწყოებით. სასწავლებელი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის პროფესიონალებს ამზადებს და უზრუნველყოფს მათ დასაქმებას. ”სპექტრში” პრიორიტეტულია სამშენებლო პროფილის სპეციალობები – კალატოზი, დურგალი, მეფილე-მომპირკეთებელი, მებათქაშე, ელექტრომემონტაჟე, სანტექნიკოსი, გზის მშენებელი, გეოდეზისტი, ელექტროშემდუღებელი, მებეტონე-მეარმატურე და სხვა. გარდა ამისა, ცენტრში ისწავლება ავტომექანიკოსის, კონდიცირებისა და მაცივრების ტექნიკოსის, გარემოს უსაფრთხოების მონიტორინგის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, საბუღალტრო, მდივან-რეფერენტის და სხვა სპეციალობები. კოლეჯის კურსდამთავრებულთა პოტენციური დამსაქმებლები არიან: სამშენებლო კომპანია ”აქსისი”; ”არსი”, ”ინჟმშენი”, ”არქიტრავი”; ფირმები ”ბეკო”, ”L-პლიუსი”, ”ვუდსერვისი”, ”აპექსსერვისი”, საავეჯო კომპანია „შნო“, მობილური კავშირგაბმულობის კომპანია ”მობიტელი”, „მენაშენეთა ასოციაცია“; ”თბილავიამშენი”, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ქალაქის მუნიციპალიტეტის სამსახურები და სხვა.